ბათუმის ‘ევრო კალენდარი’ ცნობილია

21, სექტემბერი 2017 10:32:00

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ‘ბათუმი’, სამ კვირაში ‘ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე’ პირველ შეხვედრას იტალიურ ‘როვიგოსთან’ სტუმრად გამართავს. ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი ‘ჩელენჯ ქაფის’ შესარჩევი ეტაპია. ტურნირი (სხვვა სახელით) 2014 წელს დაარსდა და პირველ წელს მასში მონაწილეობა ქართული კლუბების ნაკრებმა - ‘თბილისის კავკასიელებმა’ მიიღო. მაშინ ტურნირი პლეი ოფის სისტემით ჩატარდა და ‘კავკასიელებმა’ იტალიურ ‘როვიგოსთან’ ორი თამაში გამართეს (სტუმრად 18:22, თბილისში 21:24). მას შემდეგ შეჯიბრი 3-ჯერ ჩატარდა და ფორმატმა რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. მონაწილე გუნდების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდებოდა, თუმცა უსახსრობის გამო ქართული კლუბები მასში მონაწილეობას ვერ ახერხებდნენ. დიდი 10-ის გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ეტაპზე, რომელმაც სრულფასოვანი ტურნირის სახე 2015 წლიდან მიიღო, ხოლო შარშან სახელიც შეიძინა („ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი“), ჩემპიონ გორის ‘ჯიქს’ უნდა ეთამაშა, თუმცა ევროთასებში მონაწილეობისთვის საჭირო თანხის გამონახვა ვიცე-ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ მოახერხა და საქართველოს სახელს ამ ტურნირში ზღვისპირელები დაიცავენ. 2017/2018 წლების ‘კონტინენტის ფარზე’ 10 გუნდი მონაწილეობს. პირველ, ჯგუფურ ეტაპზე 4 იტალიური გუნდი - ‘როვიგო’, ‘ვიადანა’, ‘პეტრარკა’ და ‘კალვიზანო’, ასევე რუმინეთის ჩემპიონი ‘ტიმიშოარა-სარასენსი’, გერმანიის ჩემპიონი ‘ჰაიდელბერგი’, პორტუგალიის ჩემპიონი ‘ლისაბონის უნივერსიტეტი’ და დიდი 10-ის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ‘ბათუმი’ ითამაშებენ. 8 გუნდი ორ 4-გუნდა ჯგუფში განაწილდა და თითოეულ გუნდს საპირისპირო ჯგუფის ოთხეულთან მოუწევს თამაში (ორი თამაში სტუმრად, ორი შინ).

ჩვენი მხარდამჭერი


ქალაქ ბათუმის მერია